კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2021-11-08

WFME-ის განახლებული სტანდარტები და ცვლილებები მედიცინის დარგობრივ მახასიათებელში

სამედიცინო განათლება, როგორც განათლების სხვა მიმართულებები, მუდმივად ვითარდება და იცვლება. ეს ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის პირობებში, როდესაც შექმნილმა ვითარებამ სრულიად ახალი და, ამავე დროს, განსხვავებული გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების სისტემა.

ახალ რეალობასთან სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდების ადაპტაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა პრედიპლომურ სამედიცინო განათლებაშიც. ეს და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ მოწოდებული სტანდარტები, საქართველოში მოქმედი ეროვნული დარგობრივი მახასიათებელი მედიცინაში, ასევე, ამ დოკუმენტში შესატანი სავარაუდო ცვლილებები იყო პროფესორ გაიანე სიმონიას შეხვედრის თემა უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე მუშაობისას პროფესორი გაიანე სიმონია სწორედ ზემოაღნიშნული დოკუმენტებით ხელმძღვანელობდა .

უნივერსიტეტში მოქმედი ერთეულის - სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ სამედიცინო განათლების მიმართულებით სიახლეების დანერგვა და სწავლა-სწავლების პროცესებთან მიმართებაში მათი ეფექტურობის შესწავლაა. უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, აღნიშნული მიმართულებით მომავალშიც დაგეგმილია მსგავსი აქტივობები.

© 2021 KWIU