ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე დოკუმენტით განისაზღვრება შპს ,,კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
1.2. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დაცვა თანაბრად სავალდებულოა უნივერსიტეტის სტუდენტების, კურსდამთავრებულების, უნივერსიტეტის პერსონალისა და სხვა უფლებამოსილი პირების მიერ.
2. ბიბლიოთეკის ხელმისაწვდომობა
2.1. ბიბლიოთეკაში არსებული ყველა რესურსი თანაბრად ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის სტუდენტების, კურსდამთავრებულების, უნივერსიტეტის პერსონალის და სხვა უფლებამოსილი პირებისთვის.
2.2. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
2.3. ბიბლიოთეკის სამუშაო საათები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით არის 09:00 - 21:00, ხოლო შაბათს - 10:00 – 15:00;
2.4. ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის აუცილებელია სარგებლობის მსურველმა პირმა ბიბლიოთეკის თანამშრომელს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
2.5. ბიბლიოთეკით სარგებლობის მსურველ პირს აუცილებელია ჰქონდეს მკითხველის ბარათი, რომელიც იხსნება ბიბლიოთეკის თანამშრომლის მიერ პირის მიერ ბიბლიოთეკით პირველად სარგებლობისას.
3. ბიბლიოთეკით მოსარგებლე პირის უფლებები
3.1. ბიბლიოთეკით მოსარგებლე პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები. მათ შორის: ბეჭდური მასალები, ელექტრონული მასალები, ელექტრონული ბაზები და მათში ძიების შესაძლებლობები, სამკითხველო დარბაზი, ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნიკა.
3.2. ბიბლიოთეკით მოსარგებლე პირი უფლებამოსილია სამკითხველო დარბაზში მოხმარების გარდა, ბიბლიოთეკიდან დროებით გაიტანოს სასურველი ბეჭდური მასალა, გარდა იმ შემთხვევისა:
3.2.1. თუ მასალა წარმოადგენს ლექსიკონს, ენციკლოპედიას.
3.2.2. თუ ბიბლიოთეკაში მასალის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია.
3.3. ბიბლიოთეკით მოსარგებლის მიერ ბიბლიოთეკიდან მასალის გატანის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა კეთდება მკითხველის ბარათში და განისაზღვრება მასალის დაბრუნების მაქსიმალური ვადა, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს 1 თვეს.
4. ბიბლიოთეკით მოსარგებლე პირის ვალდებულებები
4.1. ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის და დაუშვებელია რესურსების გამოყენება არამართლზომიერი ან/და პირადი მიზნებისთვის.
4.2. ბიბლიოთეკით მოსარგებლე პირი ვალდებულია:
4.2.1. მოუფრთხილდეს ბიბლიოთეკის რესურსებს და არ დააზიანოს ისინი.
4.2.2. დროულად, განსაზღვრული ვადის შესაბამისად, დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალა.
4.2.3. ბიბლიოთეკის რესურსებთან დაკავშირებით ხარვეზის ან რაიმე სახის დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
4.2.4. ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში, ბიბლიოთეკას გადასცეს იმავე დასახელების და გამოცემის (აღნიშნულის შეუძლებლობის/ არსებითი სირთულის შემთხვევაში - იმავე დასახელების სხვა გამოცემის) წიგნი ან შესაბამისი თანხის გადახდის უნივერსიტეტს აუნაზღაუროს წიგნის ღირებულება (მიმდინარე პერიოდისთვის).
4.3. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იყოს კანონით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.