კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა

2024-11-21

ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტრენინგ-კურსი

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ემორის უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ტრილატერალური შეთანხმების ფარგლებში, აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის (US Walter Reed Army Institute of Research – WRAIR) ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტრენინგ-კურსს უმასპინძლა. ტრენინგებს, რომელიც 2024 წლის 4-8 ნოემბერს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტში და თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართა, ვოლტერ რიდის სამეცნიერო ინსტიტუტის და არმიის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა პროფესორები, პოლკოვნიკი როზან რესნერი, კაპიტანი ბენჟამინ კასტერი და პოლკოვნიკი ჯეისონ ბენეტი უძღვებოდნენ.
ტრენინგებში, რომლის მიზანიც სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო დიდაქტიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაა, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკისა და გორის სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომლებმა. სემინარების და სამუშაო შეხვედრების თემატიკა მოიცავდა შიდაჰოსპიტალური ინფექციების იდენტიფიცირების ტექნიკას, პრევენციის ზომებს, ინფექციის რისკის შეფასებისა და მართვის თანამედროვე პრინციპებს.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს აშშ ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობასთან. 2024 წლის სექტემბერში ვოლტერ რიდის ინსტიტუტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში უმასპინძლა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. შეხვედრები კვსუ-სა და ვოლტერ რიდის ინსტიტუტის თანამშრომლობის გეგმებს, მათ შორის ზემოაღნიშნული ტრენინგების ორგანიზებასაც შეეხებოდა.

© 2021 KWIU