კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კვიუ) დელეგაცია აშშ-ში, ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას ეწვია. ვიზიტი განხორციელდა ამ ორ ინსტიტუციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო შიუკაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სალომე ვორონოვი - სტრატეგიული განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, კვსუ-ის კლინიკური დეპარტამენტის პროფესორები ნინო ქანთარია და ნიკოლოზ კვაჭაძე.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კვიუ-ის გუნდი შეხვდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასისტენტ-დეკანს, პროფესორ გორდონ ჩერჩვორდს და სასწავლო გეგმის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს: მეგან ჰენსს, დევიდ შულმანს და კეტრინ გარბერს. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს ემორის სამედიცინო სასწავლო გეგმა და სწავლების მეთოდოლოგიები, განსაკუთრებით პრეკლინიკური ეტაპის განმავლობაში. ქართული დელეგაცია დაესწრო გუნდურ სწავლებაზე (TBL) დაფუძნებულ სესიებს, რომლის დანერგვასაც კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში გეგმავს. გარდა ამისა, მათ მოინახულეს ემორის ანატომიის ლაბორატორია (რომელიც აღჭურვილია HoloLens (3D) ვირტუალური რეალობის პროგრამით) და სხვა ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიები.
კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ემორის აფილირებულ გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალშიც იმყოფებოდნენ, სადაც დააკვირდნენ პაციენტებისათვის შინაგანი მედიცინისა და ნეფროლოგიის გუნდებისა და სტუდენტების მიერ ჩატარებულ შემოვლებს. ამერიკელმა კოლეგებმა მათ გაუზიარეს ინფორმაცია კლინიკურ გარემოში სტუდენტების როლებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. ჯგუფმა განიხილა პაციენტის ანამნეზის შეკრების, ფიზიკალური გამოკვლევის, ისტორიის მომზადებისა და პრეზენტაციის ტექნიკები.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში კვსუ-ის დელეგაცია შეხვდა ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ დუგლას ანდერს, რომელმაც მათ დეპარტამენტიის მუშაობა გააცნო. კვსუ-ის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ კლინიკური შემთხვევების განხილვაში. აღნიშნულ შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლოდ კვიუ-ის სტუდენტებისათვის პაციენტების მართვის პროცესში ინტეგრაციის საკითხებზე კლერკშიფის (კლინიკური სწავლების) დროს.
პროფესორ მერი ჯო ლეჩოვიჩთან შეხვედრისას, რომელიც ემორის ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტში საქმიანობს, დელეგაციამ განიხილა აკადემიური განვითარების მეთოდები სასწავლო კურსის -„პაციენტი, ექიმი და საზოგადოება” მასწავლებლებისთვის. ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ემპათიასა და პროფესიონალიზმზე გამართულ სესიებში და იმსჯელა აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებზე სამედიცინო განათლებაში.
ვიზიტის დასასრულს, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ ემორის უნივერსიტეტის სიმულაციური განათლების ცენტრს, რომლის დირექტორმაც, ჯინა შენონმა, ქართველ კოლეგებს გააცნო ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) მოსამზადებელი სესიები მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტებისთვის. კვსუ-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტანდარტიზებული პაციენტების მომზადების უახლესი მიდგომების შესახებ, რაც გამოყენებული იქნება კვსუ-ში.
აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით, ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობისა და კვიუ-ში სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.