კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე და მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო თევზაძე იმყოფებოდნენ განათლების საერთაშორისო ასოციაციის NAFSA-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე აშშ-ში, ნიუ ორლეანში.
27 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გამართული საგანმანათლებლო გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის - „ისწავლე საქართველოში” - ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილნი იყვნენ ცხრამეტი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები.
NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც წელს 100-ზე მეტი ქვეყანიდან 200-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა.
პროფ. ეკა ეკალაძე, კვსუ-ის რექტორი: „ამ პრესტიჟულ ღონისძიებაში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ჩვენი უმაღლესი განათლების ძალისხმევა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. ჩვენ გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან, რაც გზას გაუხსნის პოტენციურ სამომავლო თანამშრომლობას".