კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი



კენ ვოლკერი - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის, ნევროლოგიისა და გლობალური ჯანდაცვის სკოლის (აშშ, ატლანტა) პროფესორი, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქე.

პროფესორი კენ ვოლკერი გლობალური ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სადაც მისმა ჩართულობამ და შრომამ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ მნიშვნელოვან განვითარებაში სერიოზული გავლენა იქონია.

პროფესორი კენ ვოლკერი გახლდათ ამერიკული კორპორაციის, “პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის” (PFID), აღმასრულებელი დირექტორი. თავდაპირველად იგი საქართველოს პროგრამის ”Georgia to Georgia” ფარგლებში ეწვია, მან უხელმძღვანელა ატლანტასა (ჯორჯიის შტატი, აშშ) და თბილისს შორის საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას; მისი მხარდაჭერითა და ძალისხმევით ამოქმედდა გაცვლითი პროგრამები თბილისისა და ემორის უნივერსიტეტების მედიცინის სკოლებსა და კლინიკებს შორის სტუდენტებისთვის, კლინიკური და აკადემიური პერსონალისთვის, ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. კენ ვოლკერი გახლდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მრავალი ახალგაზრდისათვის კარიერული წინსვლის ხელშემწყობი. კენ ვოლკერის ხელმძღვანელობამ განსაზღვრა და ხელი შეუწყო საქართველოს ჯანდაცვის სფეროში განათლების მენეჯმენტის შემუშავებას საშუალო დონის საავადმყოფოს ადმინისტრატორებისთვის: შეიქმნა თანამედროვე გადაუდებელი დახმარების (Emergency Room) დეპარტამენტი და საგანმანათლებლო პროგრამა; გადამზადდნენ პრაქტიკოსი ექთნები, მუშაობა დაიწყო საექთნო სკოლამ (რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ექთნების დიპლომისშემდგომ განათლებას, სერთიფიცირებას); მოგვიანებით, 2018 წელს კი დაარსდა „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი”; დაიწყო მუშაობა ქართველ მეცნიერებთან და ექიმებთან ერთად ქვეყანაში შიდსსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საკითხებზე. კენი, როგორც მას ქართველები იცნობდნენ, იყო საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების, როგორც სპეციალობის, ასევე, საექთნო პროფესიის გაუმჯობესების ინიციატორი, მთავარი გულშემატკივარი.

სიცოცხლის განმავლობაში პროფესორი ვოლკერი საკუთარ კარიერას უძღვნიდა მედიცინის სტუდენტების განათლებასა და მომზადებას. მან აღზარდა შინაგანი მედიცინის რეზიდენტთა ყველაზე დიდი რაოდენობა ემორის პროფესორთა შორის. პროფესორ ვოლკერის ძლიერი მენტორული უნარ-ჩვევების წყალობით, მრავალ რეზიდენტს, სტუდენტსა თუ ექიმს მიეცა პროფესიონალიზმის, პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დახმარების გამოცდილების გაზიარებისა და ამ გაკვეთილების მიღების შესაძლებლობა.

2005 წელს პროფესორ ვოლკერს გადაეცა საქართველოს, ხოლო 2011 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსი. 2016 წელს ჯორჯიის შტატის საავადმყოფოების ასოციაციამ, სიცოცხლის განმავლობაში სამედიცინო განათლებასა და მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, მას უმაღლესი ჯილდო, „გმირის” ტიტული გადასცა.

კენ ვოლკერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს, USAID-ის მიერ დაფინანასებული პროექტი „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარება საქართველოში”. სწორედ ამ უკანასკნელს ახორციელებს ემორის უნივერსიტეტი 2017 წლის სექტემბრიდან ჩვენს ქვეყანაში მის პარტნიორებთან ერთად: კორპორაციასთან „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის” (PFID), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან (თსსუ) და ორგანიზაციასთან - „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” (CIL) - თანამშომლობით. პროექტის აქტივობების მიზანია საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობა ფიზიკური რეაბილიტაციის სერვისებსა და დამხმარე ტექნოლოგიებზე, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს გრძელვადიან მიზანს - გაუმჯობესდეს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ცხოვრების ხარისხი, რათა მათ მიეცეთ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში თავისუფლად ჩართვის შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, „ფიზიკური რეაბილიტაციის განვითარების პროგრამა” პროფესორ ვოლკერის ბოლო პროექტი აღმოჩნდა. კენ ვოლკერი 2018 წლის 22 თებერვალს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ უდიდესი დანაკარგი განიცადა კენ ვოლკერის გარდაცვალების გამო. ამერიკელი პროფესორი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული ქართველებზე, დაკრძალეს დედის გვერდით, სამშობლოში, აშშ-ში, ჯორჯიის შტატში მდებარე ქალაქ ვაშინგტონში.

© 2021 KWIU