KWIU Logo
კონტაქტი სტუდენტთა მიღება Digital LMS
  • English
  • ქართული

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • სწავლა
  • კვლევა
  • სტუდენტებისათვის
  • სიახლეები და განცხადებები
  • Digital LMS
  • სტუდენტთა მიღება
  • კონტაქტი

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე

ECCES 2026 – საერთაშორისო დიალოგი სამედიცინო განათლების მომავალზე
Email Facebook WhatsApp

10 Nov 2026

როგორ მოვამზადოთ ექიმი, რომელიც ფლობს თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებს, მზად არის ცვლილებებისთვის და ინარჩუნებს ჰუმანურობას? ამ კითხვას სხვადასხვა პერსპექტივიდან პასუხობდნენ საერთაშორისო კონფერენციის ECCES 2026-ის მონაწილეები, რომლებიც 12-13 ოქტომბერს თბილისში შეიკრიბნენ.

კონფერენცია ECCES 2026: „სამედიცინო განათლების განვითარება: ინტერნაციონალიზაცია, ინოვაცია და აკადემიური წარმატება“ პროფესორ კენ ვოლკერის დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ემორის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თანამშრომლობით გაიმართა.

ორი დღის განმავლობაში სამედიცინო განათლების საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები, კლინიცისტები, მკვლევარები და სტუდენტები მსჯელობდნენ განათლების ხარისხზე, საერთაშორისო პარტნიორობაზე, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებზე, სტუდენტთა მხარდაჭერასა და პროფესიულ ღირებულებებზე. პროგრამა აერთიანებდა პლენარულ მოხსენებებს, პანელურ დისკუსიებს, თემატურ სესიებს, ვორკშოპებს, კლინიკურ მასტერკლასებსა და კვლევითი პოსტერების წარდგენას.

„ეს კონფერენცია აჩვენებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო განათლების მსოფლიო რუკაზე და ეს პოზიცია წლიდან წლამდე მხოლოდ გაძლიერდება“, – აღნიშნა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის, WFME-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პროფესორმა ემიოლა ოლუვაბუნმი ოლაპადე-ოლაოპამ.

კენ ვოლკერის მემკვიდრეობა და საერთაშორისო პარტნიორობა

კენ ვოლკერი – ამერიკელი ექიმი, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე და ატლანტა-თბილისის ჯანდაცვის პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.

პროფესორ ვოლკერის 90 წლისთავისადმი მიძღვნამ კონფერენციას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა, რომლის მთავარი თემები მის მრავალწლიან საქმიანობასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული: ცოდნის გაზიარება, ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, მომავალი ექიმების მხარდაჭერა და პაციენტისადმი ჰუმანური დამოკიდებულება.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა, ECCES 2026 ქართულ-ამერიკული აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელოვან გაგრძელებად შეაფასა. მისი თქმით, კონფერენციამ მრავალწლიანი პარტნიორები და ახალი კოლეგები საერთო საკითხების გარშემო გააერთიანა და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვის შესაძლებლობა შექმნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტებისა და სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციების ხელმძღვანელები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და აფრიკიდან.

განათლებიდან პაციენტის კეთილდღეობამდე

გახსნის ცერემონიალს უძღვებოდა პროფესორი არჩილ უნდილაშვილი. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ეკა ეკალაძე.

გივი მიქანაძემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით გამოცდილების გაცვლისა და სამედიცინო განათლებაში მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მიხეილ სარჯველაძემ კი განათლების განვითარება ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკასა და პაციენტის ინტერესებს დაუკავშირა: „ჩვენთვის, ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის, ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობა, რომ აქ არსებული ცოდნა და აკადემიური შესაძლებლობები გამდიდრდეს და, თავის მხრივ, პაციენტის საკეთილდღეოდ აისახოს ყოველდღიურ სამედიცინო პრაქტიკაში“.

საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კორტნი ოსტრიანმა კონფერენცია ძლიერი და ეფექტიანი ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობის კიდევ ერთ გამოხატულებად შეაფასა.

ხარისხი, საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს პერსპექტივა

კონფერენციის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს განათლების ხარისხის განვითარება და მომავალი გამოწვევებისთვის მზადყოფნა.

WFME-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, პროფესორმა ემიოლა ოლაპადე-ოლაოპამ განიხილა ჯანდაცვის პროფესიების განათლება, სტრატეგიული აკადემიური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორობა. ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის, AMSE-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა ჰარმ პიტერსმა, ისაუბრა სამედიცინო განათლებაში სრულყოფილებისკენ სწრაფვაზე და იმ ამოცანებზე, რომლებიც საერთაშორისო აღიარებისა და სტანდარტების დაკმაყოფილების მიღმა დგას.

სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის, AMEE-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა იანუშ იანჩუკოვიჩმა, საგანმანათლებლო პარტნიორობა „ერთიანი ჯანმრთელობისა“ და მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში განიხილა.

ეს საკითხები გაგრძელდა პანელურ დისკუსიაში, რომელიც ხარისხს, სრულყოფილებასა და სამომავლო მზადყოფნას დაეთმო. საერთაშორისო ასოციაციების ხელმძღვანელებთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი რუსუდან რუხაძე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამედიცინო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე ფხაკაძე. პანელურ დისკუსიას უძღვებოდა საქართველოში AMEE-ს რეგიონული ბრწყინვალების ცენტრის ხელმძღვანელი, თსსუ-ის სამედიცინო განათლების, აკადემიური პერსონალის განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ვორონოვი. ECCES 2026-ის ფარგლებში მან ასევე წარმოადგინა მოხსენება „სამედიცინო განათლების განვითარება: საქართველოს პერსპექტივა “.

„მოხარულნი ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, უმაღლესი განათლების საერთაშორისო საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი სამედიცინო განათლების ასოციაციებისა და მათი წევრებისთვის, გაგვეცნო საქართველოს მიღწევები და განვითარების პერსპექტივები. გვჯერა, რომ კონფერენცია ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისია“, – აღნიშნა სალომე ვორონოვმა. მისი თქმით, პანელურ დისკუსიებში მონაწილეთა აქტიური ჩართულობა და ვორკშოპებზე სავსე დარბაზები ადასტურებდა ინტერესს როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე სამედიცინო განათლების მომავალზე დიალოგის გაგრძელების მიმართ.

ინტერნაციონალიზაცია და გამოცდილების გაცვლა

საერთაშორისო თანამშრომლობის განხილვისას მონაწილეები შეეხნენ აკადემიურ მობილობას, ინსტიტუციურ პარტნიორობასა და განსხვავებული საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა მერი ჯო ლეკოვიჩმა მოხსენებაში „გლობალიზაცია და მრავალფეროვნება: ერთი მონეტის ორი მხარე?“ განიხილა საერთაშორისო ინტეგრაციისა და მრავალფეროვნების ურთიერთმიმართება. საერთაშორისო განათლების სტრატეგიის საკონსულტაციო სააგენტოს დირექტორმა, გლობალური მობილობისა და პარტნიორობის სპეციალისტმა ალეხანდრა ვისენსიომ კი ისაუბრა ინტერნაციონალიზაციაზე, გლობალურ მობილობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ ემორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები მერი ჯო ლეკოვიჩი, მაიკლ მაკქუეიდი და ჯო ლე დუ, საერთაშორისო განათლების სპეციალისტი ალეხანდრა ვისენსიო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ირმა გრძელიძე და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელი პაატა ცაგარეიშვილი. პანელს უძღვებოდა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შიუკაშვილი. დისკუსიაში გამოიკვეთა საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობა როგორც უნივერსიტეტების განვითარებისთვის, ისე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.

როგორ ყალიბდება სწავლის კულტურა

სასწავლო პროგრამის შინაარსთან ერთად, კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები განიხილავდნენ გარემოს, რომელშიც სტუდენტები სწავლობენ, პროფესიულ ჩვევებს იძენენ და მომავალ ექიმებად ყალიბდებიან.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯო ლე დუმ მოხსენებაში „აქვს თუ არა კურიკულუმს ქორდა? სიგნალები და ძალები, რომლებიც სწავლის კულტურას აყალიბებს“ ისაუბრა სასწავლო პროგრამისა და საგანმანათლებლო კულტურის ურთიერთკავშირზე. მის ვორკშოპზე „საკუთარი ამბის თხრობის ხელოვნება“ მონაწილეებმა გამოცდილებისა და იდეების გადმოცემის გზებზე იმუშავეს.

კილის უნივერსიტეტის პროფესორ პოლ ჰოროქსის პლენარული მოხსენება სამედიცინო განათლებაში აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კულტურის ჩამოყალიბებას დაეთმო. სტუდენტებისთვის გამართულ ვორკშოპზე მან პროფესიული პასუხისმგებლობა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება განიხილა.

„განსაკუთრებით სასიამოვნო იყო სტუდენტებთან ურთიერთობა და საუბარი იმაზე, თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, როგორია მათი გამოცდილება სამედიცინო განათლების მიღების პროცესში და რას ელიან მომავლისგან“, – აღნიშნა პროფესორმა პოლ ჰოროქსმა.

ემორის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუს გორდონ ჩერჩვორდის მოხსენება სტუდენტთა წარმატების შემაფერხებელ ფაქტორებს შეეხო. პროფესორ ბჰავინ ადჰიარუს ვორკშოპი კი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის სწავლებაში ტრადიციული მეთოდებისა და ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი მიდგომების ინტეგრაციას დაეთმო.

პროგრამაში ასევე შედიოდა პროფესორ მაიკლ მაკქუეიდის ვორკშოპი ჯანდაცვის სისტემების სტრუქტურულ დილემებზე, პროფესორ რაისა ჩიორნის შეხვედრა ნარატიულ მედიცინასა და პაციენტისა და ექიმის ურთიერთობაზე და პროფესორ ირმა ჭოხონელიძის ვორკშოპი შინაგანი მედიცინის მიმართულებით აკადემიური პერსონალის განვითარებაზე.

კომუნიკაცია, პროფესიონალიზმი და სტუდენტთა მხარდაჭერა

სტუდენტთა კეთილდღეობა, ემპათია, მოსმენა და მხარდაჭერა ცალკე თემატური სესიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

სესია „კომუნიკაცია, პროფესიონალიზმი და სტუდენტთა მხარდაჭერა“ აერთიანებდა სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ნაშრომებს სტუდენტთა მხარდაჭერის, ინდივიდუალური სასწავლო დახმარების, სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლების, ემპათიის განვითარებისა და თანატოლთა განათლების შესახებ.

სესიას მოდერაციას უწევდა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის წარმომადგენელი მაკა ზარნაძე, მოწვეული დისკუსანტი იყო პროფესორი რაისა ჩიორნი.

წარმოდგენილმა გამოცდილებამ აჩვენა, რამდენად მრავალფეროვანია მომავალი ექიმების მხარდაჭერის გზები და რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული კომპეტენციების განვითარებასთან ერთად სტუდენტების საჭიროებების გათვალისწინება.

საერთაშორისო გამოცდილება კლინიკურ გარემოში

კონფერენციის პარალელურად, პარტნიორ კლინიკებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კლინიკური მასტერკლასები, რომლებმაც ქართველ კოლეგებს საერთაშორისო სპეციალისტებთან პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობის შესაძლებლობა მისცა.

პიდმონტის გულის ინსტიტუტის კარდიოლოგის, პროფესორ დევიდ მარკჰამის მასტერკლასი ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გულის მძიმე უკმარისობას დაეთმო. ექიმმა ბჰავინ ადჰიარუმ თსსუ-ისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში ხარისხის გაუმჯობესების, პაციენტის უსაფრთხოებისა და უსაფრთხო სისტემების შექმნის საკითხები განიხილა. ამავე კლინიკაში ალაბამას უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორმა ელიოტ გოზანსკიმ ისაუბრა გულმკერდის რენტგენოგრამაზე ფილტვის შეშუპების ნიშნების, მათ შორის „ღამურის ფრთების“ სურათისა და მიტრალური სარქვლის მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვის შესახებ. ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი მედიცინის პროფესორი ბრაიან მაკნალი ქართველ კოლეგებთან ერთად აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში უძღვებოდა მასტერკლასს, რომელიც მაღალი რისკის სიტუაციებში კლინიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეეხებოდა.

სტუდენტთა კვლევები და პოსტერების დაჯილდოება

ECCES 2026 სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისთვის საკუთარი ნაშრომების საერთაშორისო აკადემიური აუდიტორიის წინაშე წარდგენის სივრცეც იყო. კვლევითი პოსტერები კონფერენციის მთავარმა მომხსენებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა შეაფასეს, გამარჯვებულები კი დახურვის ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ.

პირველი ადგილი მოიპოვა კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევამ, რომელიც თბილისში მცხოვრებ საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტებში მზისგან დამცავ ქცევას და მასზე კულტურული გარემოს, კანის ტიპისა და სამედიცინო განათლების გავლენას შეისწავლიდა.

მეორე ადგილი დაიკავა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით მომზადებულმა, კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილიაციით წარდგენილმა ნაშრომმა. კვლევა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალში ხელოვნური ინტელექტისადმი დამოკიდებულებას, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვითეფექტიანობასა და ჩართულობას ეხებოდა.

მესამე ადგილი კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაშრომმა დაიკავა, რომელიც კლინიკური შემთხვევების ანალიზისას ChatGPT-ის დიაგნოსტიკურ შედეგებზე პრომპტის ფორმულირების სხვადასხვა სტრატეგიის გავლენას იკვლევდა.

კვლევით სესიებზე წარმოდგენილი იყო სამედიცინო განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის სხვა აქტუალური საკითხებიც, მათ შორის სტუდენტთა გამოცდილება მრავალსადგურიან ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაზე (OSCE) და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კლინიკური შემთხვევების ანალიზში.

დიალოგი, რომელიც გრძელდება

კონფერენციის შეჯამებისას კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ეკა ეკალაძემ, სამედიცინო განათლების ადამიანურ მხარეზე ისაუბრა: „ექიმად ჩამოყალიბება მხოლოდ აკადემიური ან პროფესიული პროცესი არ არის. ეს ადამიანური პროცესიცაა, რომელსაც განსაზღვრავს სასწავლო გარემო, ადამიანები, რომლებსაც სტუდენტები ხვდებიან, და კულტურა, რომლის ნაწილიც არიან“. მისი შეფასებით, კონფერენციამ შექმნა რეალური დიალოგის სივრცე, ახალი პროფესიული კავშირები და საერთო გააზრება იმისა, რომ თანამედროვე სამედიცინო განათლება ცოდნის გადაცემასთან ერთად პასუხისმგებლობის, ღირებულებებისა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებასაც გულისხმობს.

დახურვის ცერემონიალზე განსაკუთრებული მადლობა გამოუცხადეს მოხალისე სტუდენტებსა და ორგანიზატორებს, რომელთა შრომამ და პასუხისმგებლობამ კონფერენციის გამართულად ჩატარებას შეუწყო ხელი.

ECCES 2026-მა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად წარმოაჩინა საქართველოს უნივერსიტეტებში მიმდინარე საქმიანობა და გააჩინა თანამშრომლობის გაგრძელების ახალი გეგმები. მონაწილეთა შეფასებებში განსაკუთრებით გამოიკვეთა პირისპირ შეხვედრების მნიშვნელობა – საუბრები, რომლებიც სესიებს შორის იწყებოდა და სამომავლო პროფესიულ ურთიერთობებად ყალიბდებოდა.

„კონფერენცია სრულდება, მაგრამ თუ ამას წიგნის წერას შევადარებთ, ეს წიგნის დასასრული კი არა, მხოლოდ შესავლის დასასრულია. ახლა კი ყველა თავი ერთად შეგვიძლია დავწეროთ“, – აღნიშნა AMEE-ს პრეზიდენტმა, პროფესორმა იანუშ იანჩუკოვიჩმა.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=Fi4205reDsU

📧 conference@kwiu.edu.ge

🌐 conference.kwiu.edu.ge

ფოტომასალა
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

სხვა სიახლეები

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია – გორდონ ჩერჩვორდის შეხვედრა სტუდენტებთან

30 Oct 2026

როგორ ვაქციოთ კვლევის შედეგები მკაფიო და გამართულ სამეცნიერო სტატიად? ამ თემაზე კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ემორის უნივერსიტეტი...

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+-ის შესახებ

27 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდნენ და Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამების შესახებ მიიღ...

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

KWIU-ის ასოცირებული პროფესორის სამეცნიერო მისია ასტონის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში

1 Oct 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ნინო შარიქაძე, 2026 წლის 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე მოკლევადიანი სამეცნიერო...

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

კვსუ-ის ასისტენტ-პროფესორის პროფესიული ვიზიტი ემორის უნივერსიტეტსა და გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში

28 Sep 2026

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობა გრძელდება და მოიცავს როგორც ინსტიტუციურ...

კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გუდამაყრის ქ. 4, თბილისი, 0141, საქართველო.

+995 599 63 55 33

info@kwiu.edu.ge

ს/ნ: 400270808 (საქართველო)

უნივერსიტეტი

  • უნივერსიტეტის შესახებ
  • მისია
  • სტრუქტურა და მართვა
  • რეგულაციები
  • ინფრასტრუქტურა

სწავლა

  • საგანმანათლებლო პროგრამები
  • აკადემიური კალენდარი
  • კლინიკური ბაზები
  • კვლევა

სტუდენტებისათვის

  • სტუდენტური სერვისები
  • ბიბლიოთეკა
  • სტუდენტური კლუბები
  • გაცვლითი პროგრამები

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
© 2025 კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ყველა უფლება დაცულია.

ჩვენ ვიყენებთ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) ფაილებს ვებგვერდის სწორად ფუნქციონირებისა და თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. გაიგეთ მეტი.